თბილისის აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო სენსორული მონიტორი დამონტაჟდა
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით და ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ბარგის ასაღებ დარბაზში ტურიზმის საინფორმაციო 2 სენსორული მონიტორი დამონტაჟდა.
მათ პრეზენტაციას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი ზაალ აბაზაძე დაესწრო.
როგორც ზაალ აბაზაძემ აღნიშნა, ეს ახალი ტიპის, საკმაოდ საჭირო და მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ვიზიტორს საშუალებას მისცემს, ძალიან სწრაფად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
სენსორული მონიტორების მონაცემთა ბაზა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით არსებული სასტუმროების, ტრანსპორტირების, მარშრუტების, კვების ობიექტების და სხვა ტურისტული მომსახურეობის შესახებ.
მსგავსი ტიპის მომსახურების არსებობა არამარტო ტურისტებისთვის არის გამოსადეგი, არამედ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადგილობრივ თემებს (გლეხს, ფერმერს) და კერძო სექტორს მათ მიერ შეთავაზებული ტურისტული პროდუქტის უფასო რეკლამირებაში.