საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ინფორმაციით, 2009 წლის 6 ნოემბერს გამართულ აუქციონზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია ”გლობალ ერთი” გახდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ლიცენზიით სარგებლობისთვის 6 229 ლარის გადახდის მზადყოფნა დაადასტურეს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქტიური კონსულტაციების შედეგად „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა 3 ხელშეკრულებას, რითაც საბოლოოდ დარეგულირდება ტექნიკური და ანგარიშსწორების მექანიზმები. კერძოდ:
ორმხრივად შეთანხმებულია პროცედურები და ვადები, რომლის მიხედვითაც „გაერთიანებული ტელეკომი“ ანაზღაურების სანაცვლოდ, საკუთარ ინფრასტრუქტურას გასცემს და საშუალებას აძლევს „კავკასუს ონლაინს“ გამოიყენოს მის კუთვნილებაში არსებული ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხები, სახაზო–საკაბელო (სატელეფონო) წყვილები და თანალოკაციის ფართები (სატელეფონო სადგურები). ასევე შეთანხმების შესაბამისად, „კავკასუს ონლაინის“ სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში ყოველდღიურად შეძლებენ სამუშაოების წარმოებას შეუზღუდავად, იჯარით აღებულ ყველა და ნებისმიერ თანალოკაციის ფართზე, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
აღნიშნულ ხელშეკრულებებში ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საფუძველს საბანკო გარანტია (500 000 ლარი) წარმოადგენს.
„კავკასუს ონლაინი“ საკუთარი ძალებით განახორციელებს ქსელის (224 კმ კაბელი) დემონტაჟს თბილისის უბნებში (ვაკე–საბურთალო; დიდუბე–ჩუღურეთი; გლდანი–ნაძალადევი; ისანი–სამგორი; ძველი თბილისი), ხოლო „გაერთიანებული ტელეკომის“ საკანალიზაციო არხებში განთავსება მოხდება ორივე კომპანიის სპეციალისტების მიერ.